საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


მიგრაციის დეპარტამენტი

მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება;
- უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი;
- სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის დროებითი განთავსების ცენტრი.
დროებითი განთავსების ცენტრი აშენდა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სადაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული განთავსებულ პირთა უფლებები. ცენტრში გათვალისწინებულია მამაკაცების, ქალების და ოჯახების განთავსებისათვის ცალ-ცალკე ფლიგელები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცენტრში გათვალისწინებულია შესაბამისად ადაპტირებული ოთახი. ასევე, შესაბამისი ოთახია გამოყოფილი იმ პირთათვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ და არსებობს მათი მხრიდან გარშემომყოფებისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე.
ცენტრში გათვალისწინებულია სასადილო, სამლოცველო ოთახი, სარეკრეაციო ზონა (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი) და სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა სათამაშო მოედანი. ცენტრში განთავსებული უცხოელებისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ცენტრში გამოყოფილია სამედიცინო დახმარებისთვის ოთახები (საკარანტინო ოთახი).
ცენტრი გათვლილია 92 პირზე.

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. №16
საინფორმაციო ხაზი: (+995 32) 241 96 07; (+995 32) 241 96 34;
ელ.ფოსტა: migration@mia,gov.ge